Thursday, November 10, 2011

Dear 16 years old self

შენ თუ ამ წერილს კითხულობ, ე.ი დოქტორმა თავისი ლურჯი ტარდისი ჩემს სახლში მიაპარკინგა, შესაძლოა კომპანიონობაც შემომთავაზა და გადატვირთული გრაფიკის გამო უარი ვუთხარი (ჰიჰი). ჯერ არ იცი, ვინაა დოქტორი, ჯერ კიდევ არ განახლებულა სერიების გადაღება, არაუშავს, 9 წელიწადში გაიგებ და მოგეწონება.

პირველ რიგში გეტყვის იმას, რომ ვიზეც და რაზეც ახლა ნერვიულობ, დაიკიდე, არაა სანერვიულო, მომავალში ისეთი რაღაცეების გადატანა მოგიწევს, რომ ეს წვრილმანი პრობლემები  აღარც კი გაგახსენდება.

მათემატიკის სწავლით თავს ნუ მოიკლავ, არ დაგჭირდება.

უნივერსიტეტში ჩააბარებ თუ არა, აგიხდება დიდი ხნის ოცნება და ძაღლს იყიდი, საყვარელი გოგოა, ცოტა ღომუცელა და ეგოისტი, მაგრამ ძალიან ეყვარები და არასოდეს მიგატოვებს.

ძალიან ბევრი ბიჭი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, დაიკიდე ყველა და განსაკუთრებით ის, ვინც გგონია, რომ არასოდეს გატკენს გულს.

დერენ ჰეისი გეია.

იქნებ სადმე მოახერხო და buffy vampire slayer-ს უყურო? 5 სეზონი უნდა გადიოდეს ახლა წესით.  გაჭედავ.

მეგობრებში ძალიან გაგიმართლა, ყველას მთელი გულით ეყვარები. ნათიას, ზურას, ნინოს და ნანას ვერც 9 წლის შემდეგ მოიშორებ.

ზურას ხშირად დააპატიჟებინე თავი კინოში, შემოგთავაზებს - დათანხმდი, არ მოგერიდოს. დამიჯერე, შემდეგი 9 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.

 ყოველთვის იყავი ის რაც ხარ, შეეცადე, არ დაკარგო კარგი ადამიანები, შეინარჩუნე ის ურთიერთობა რაც გაქვს, არაფერი შეცვალო.  

 არ დაუჯერო ადამიანს, რომელიც გეუბნება რომ უყვარხარ და ამ დროს საშაქრეს ატრიალებს.

ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა ეს მომენტი დადგება, ეს წერილი გაიხსენე, ძალიან მოგწონს, ძალიან გინდა, მაგრამ ჯერ არ გიყვარს. წადი სახლში. წადი და აღარ დაბრუნდე. არასოდეს.

კარგად ჩაეჭიდე შენს ოცნებებს, არ დაკარგო არცერთი წამი, იცხოვრე ჩემზე კარგად, იყავი ძლიერი და გეტყოდი, გაითვალისწინე ყველაფერი, რაც მოგწერეთქო, მაგრამ გიცნობ, მაინც ისე მოიქცევი, როგორც შენ თვლი საჭიროდ.

სხვანაირად შენ მე არ იქნებოდი. (თუ მე შენ? O_O)

Monday, September 19, 2011

To whom it may concern

ასე არასოდეს დამჭირვებია შენი დახმარება როგორც ახლა და ასე არასოდეს მიგრძვნია შენი არყოფნა. ყველაფერი ინგრევა, ძალიან მტკივა, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, მაგრამ მე მინდა,რომ შენ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მინდა, სხვა გამოსავალი მიპოვო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამეხმარო. (არ თქვა ახლა, ჭკუა მოგეცი, ძმაო, მეტი რა გინდაო)

ვიცი, ბოლოს რომ მნახე, ვერც მიცანი, მაგრამ ეს მხოლოდ შენი ბრალი არაა, ყველაფერს თავად ვაფუჭებ, მე ვარ ის, ვინც ტკივილს აყენებს გარშემომყოფებს და მერე ამ ტკივილით თავად იტანჯება. 

ვიცი, ჩემი იმედი გქონდა, ვიცი, ასეთი ცხოვრება არ გინდოდა ჩემთვის, მაგრამ შენ დაგემსგავსე, ყველაფერი გავაფუჭე,ვეღარაფერს შევცვლი. 

ბევრი კითხვა მაქვს შენთან, ბევრი სალაპარაკო, ბევრი რამ გაქვს ასახსნელი, რატომ დამიკიდე, რატომ გამიმიტე იმისთვის, რომ შენს გარეშე გავზრდილიყავი, საერთოდ რატომ დავიბადე. 

მატერიალურად არასოდეს არაფერი მაკლდა, შენი ცოლით და შვილით უნდა იამაყო. მაგრამ ერთი რჩევაც არ მოგიცია ჩემთვის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ერთხელ არ გამოგიყვანივარ მძიმე მდგომარეობიდან, ერთხელ არ გითქვამს, რომ ცხოვრება ცხოვრება არაა ტკივილის და სიხარულის გარეშე, რომ ისინი ყოველთვის ერთმანეთს ცვლიან და რომ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება. 

მაგრამ შენ ალბათ ამას არც მეტყოდი, შენ პრიმიტიულად შეხედავდი ამ ყველაფერს, სადმე წავიდოდით, დავლევდით, მოვწევდით, მაცინებდი, ამ თემაზე საერთოდ არ დამელაპარაკებოდი. ზუსტად ეს მინდა შენგან და ვბრაზდები, რომ ამის მოცემა არ შეგიძლია. 

იმედი მაქვს, სანამ ერთმანეთს შევხვდებით, ყველაფერს გაპატიებ.
და კიდევ იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდება ეს შეხვედრა. 

Monday, July 18, 2011

Harry Potter and the deathly Hallows Part II

ჩემი ცხოვრების ჯადოსნური თავის დასრულებამდე დარჩა 7 საათი.
პირველად ცხვორებაში მეშინია კინოდან გამოსვლის და ფილმის დამთავრების.
"აუ ახლა შემდეგს ნოემბრამდე ელოდე"
"რა მოიცლის კიდევ ერთი წელი"
"მეექვსე წიგნი მინდა სასწრაფოდ"
"იმედია, შემდეგი ფილმი მაინც ნორმალური იქნება"
 ამას ვწერდი, სანამ წავიდოდი ფილმის სანახავად, მერე, ალბათ რაღაცამ ან ვიღაცამ შემიშალა ხელი და  მივაგდე, დრაფტებში გადავაწყდი ამწამს.

ძალიან ვწუხვარ, თავო, ჩემო, მაგრამ არა,  შემდეგი ფილმიც არ აღმოჩნდა ნორმალური, რით ვერ შეიგნე, რით ვერ მიეჩვიე, მეექვსედ გამოხვედი უკვე კინოთეატრიდან ასეთი იმედგაცრუებული, ნუ კაი,  Prisoner of Azkaban – ს არაუშავდა.

მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ეპიკური დასასრულის ნაცვლად  უაზროდ შეცვლილი სიუჟეტი, უემოციო, მიფუჩეჩებული ფაქტები და დაბალი ხარისხხის 3დ შემრჩა ხელში.

წიგნიდან გადახრა რომ იქნებოდა, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ახსნიდნენ დამბლდორის სისუსტეებს, (წინა ფილმში საკმაოდ ბევრი ილაპარაკეს ამაზე) მისი ოჯახის ისტორიას, მინდოდა მეტი  ემოცია,  ფრედის, ტონკსის და ლუპინის სიკვდილის ჩვენება მთელი სიმძაფრით, კივილით, წივილით, ცრემლებით,  ეს პერსონაჟები ამას იმსახურებდნენ. მინდოდა ჰაგრიდის ქვითინი, როდესაც  მკვდარი ჰარი მოჰყავდა ჰოგვარტსისკენ, მინდოდა მეტი გრძნობა რონის/ჰერმის და ჰარის/ჯინის შორის. მინდოდა მენახა ტედი, გაზრდილი და სიმპატიური.მინდოდა მენახა მოლის და ბელატრისას სასიკვდილო დუელი და არა ნაჩქარევად ნასროლი წყევლა და ხელის მარტივი მოძრაობა.

ყველაზე დიდი დარტყმა ჰარის და ვოლდის საბოლოო ბრძოლისას მივიღე. ვისაც წიგნი წაკითხული არ აქვს, ყველას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ჰარიმ მხოლოდ იმიტომ დაამარცხა ვოლდემორი, რომ ელდერ ვანდის ნამდვილი პატრონი თვითონ იყო.
რეალურად, მათი საბოლოო ბრძოლა მხოლოდ წყევლების გასროლით და  მწვანე და წითელი სხივების შეჯახებით არ შემოიფარგლებოდა, ამას მათი გრძელი და ტკბილი საუბარი უძღოდა წინ, რომლის აფიშირებაც საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ.

ფილმში ისე მოკლეს ვოლდემორი, რომ ვერ გაიგო,რომ მწრედ მოატყუეს და დასცინეს, რომ სნეიპი თავიდან ბოლომდე დამბლდორის კაცი იყო,  რომ ელდერ ვანდი  ჰარის საკუთრება იყო და მას არასოდეს დაემორჩილებოდა,  რომ დამბლდორმა თავად დაგეგმა საკუთარი სიკვდილი და რომ ის ვოლდემორზე უკეთესი კაცი და უკეთესი ჯადოქარი იყო..

 ჰარის ნათქვამი  ყოველი სიტყვა ვოლდემორის სულის დარჩენილ ნაგლეჯს ერთიანად ჭამდა და ანადგურებდა.  ის ავადა კედავრას წარმოთქვამდე უკვე   დამარცხებული იყო.


ყველას დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ჰარის თავგანწირვა ფარად გადაეფარა მთელ ჰოგვარტს, ისევე როგორც ლილის თავგანწირვა გადაეფარა ჰარის თავის დროზე. მას შემდეგ, რაც ვოლდემორმა ჰარის მისამრთით ავადა კედავრა გაისროლა, ჰოგვარტსში არავინ მომკვდარა.


სამწუხაროა, რომ ჰარიმ ისე გადატეხა ელდერ ვანდი, რომ საკუთარი ჯოხი არ შეაკეთა.  ეს პატარა ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მთელი 7 წიგნი ჰარის ჯოხის მნიშვნელოვან თვისებებზე იყო ლაპარაკი.

ერთადერთი სცენა,რომელიც ძალიან მომეწონა:  ჰარი სიკვდილს გადაწყვეტს და ვოლდემორთან შესახვედრად მიდის. მეგობრებს ემშვიდობება, უხსნის რა ხდება, ჰერმი ეხუტება და ტირის. როგორც იქნა, ვიგრძენი რაღაც,  გამიხარდა ,რომ ვტიროდი. მერე რა, რომ წიგნიდან გადაუხვიეს.

 ქასთი იყო შესანიშნავი, დენიელმა თავისი საუკეთესო გვაჩვენა.

საბოლოოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დაცარიელებული და მოწყენილი ვარ.
ჩემი ბავშვობა ასე უემოციოდ დამთავრდა.
დედაც ვატირე.

Saturday, June 18, 2011

My Immortal