Sunday, December 5, 2010

Harry Potter and the deathly Hallows

როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე და 26 ნოემბერს, 26 კაციანმა ჯგუფმა, ვიშიშვლეთ ჯადოსნური ჯოხები და აპარაცია მოვახდინეთ კინოთეატრ ამირანში. სეანსის დაწყებამდე პატარა ივენთი მოაწყეს, რომელსაც მეტი ეფექტის მოსახდენად ბატონი გველი სტუმრობდა და ვიღაც თავმომწონე ქალის ტანზე ამაყად იკლაკნებოდა. პრინციპში, სხვა ჰარი პოტერული ივენთში არაფერი იყო.

ამირანის ორივე საერთული გადაჭედილი იყო, პოპკორნის დახლის წინ იხმელა რიგი იდგა, მთელი გულით და სულით მინდოდა აქციო პოპკორნის შელოცვა.

როგორც იქნა, შევაღწიეთ დარბაზში, მე რათქმაუნდა, მორყეული სკამი შემხვდა.

იმდენად დიდი ხანი და ისეთი აღტაცებით ველოდებოდი ფილმს, რომ მთელი 2 საათის განმავლობაში, მარტო იმას ვფიქრობდი, მალე არ დასრულებულიყო.

მინდოდა, რომ განსაკუთრებული ყოფილიყო, რა იქნებოდა, ერთხელ მაინც, ყოველგვარი ცვლილების გარეშე შეესხათ ხორცი როულინგის ფანტაზიისთვის.

მაგრად რად გინდა, პირველივე მომენტიდან ავცდით წიგნს.

ჰერმი ჩამოდის კიბეებიდან მისაღებ ოთახში, მშობლები უდარდელად სხედან ტელევიზორთან და ჩაის შეექცევიან, ჰერმი ჯიბიდან იღებს ჯოხს და ობლივიატეს ულოცავს. დედას და მამას სახის გამომეტყველება ეცვლებათ, ჰერმი ოჯახური სურათებიდან იშლება. მართალია, სენტიმენტალური მომენტია და ვიღაცას შეიძლება ერთი ორი კურცხალი ცრემლი გადმოვარდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ იყო საჭირო.

7 პოტერის სცენა სახალისო იყო, დენმა მშვენივრად გაართვა თავი 7 განსხვავებული ტიპაჟის თამაშს. თესტრალზე ბილის ზურგში თავჩარგულ ჰარი-ფლერზე იმდენი ვიცინე, კინაღამ ჩემი მორყეული სკამიდან გადმოვვარდი .


საწყალი ჰედვიგი მართალია გმირულად მოკვდა, მაგრამ წიგნისეული ვერსია მირჩევნია. რეჟისორუ უშნოდ ცდილობდა ჰედვიგისთვის გადაებრალებინა ის ფაქტი, რომ მხვრელებმა ნამდვილი ჰარი იცნეს. არადა, სინამდვილეში, საწყალი ჰედვიგი მშივდად იჯდა გალიაში, მოტოციკლის კალათში და მხვრელები მხოლოდ მაშინ იცნეს ნამდვილი ჰარი, როცა მას ჭკუა არ ეყო იმისთვის, რომ ექსპელიარმუსის შელოცვისგან თავი შეეკავებინა.

ბილის და ფლერის ქორწილში არავითარ შემთხვავაში არ უნდა გამოჩენილიყო ჰარი. წიგნში ფოლიჯუის ფოუშენი ჰქონდა დალეული და რონის ბიძაშვილად ასაღებდა თავს. ფილმის შემქმნელებს ეტყობა სულ არ მოუვიდათ აზრად ის ფაქტი, რომ მას მერე რაც მხვრელებმა ქორწილი დააბიეს, აუცილებლად გამოაშკარავდებოდა ჰარის მანდ ყოფნის ფაქტი, რაც ვიზლების ტოტალურ განადგურებას გამოიწვევდა.


რონის ჭინკაც არ ჩათვალეს გამოჩენის ღირსად, რომელიც რონმა წითელი თმებით, ჩუტყვავილით დამახინჯებული სახით დააჯილდოვა და თავის ლოგინში დააწვინა, რადგან ყველას ჰგონებოდა, რომ რონი მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა ჰოგვარტში დაბრუნებას.

ფილმში, ჰარის საერთოდ არ უნახავს სირიუსის ოთახში ლილის წერილი, სადაც ლილი სირიუსს სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შესახებ სწერდა და წუწუნებდა, ჯეიმსი სახლიდან ვერ გადის, დამბლდორს ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია უჩინმაჩინის მოსასახამიო. არ მესმის, ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რატომ უნდა გამოეტოვათ.

ვის რაში აინტერესებდა კრიჩერის ისტორია,რა საინტერესოა ახლა ის, როგორ გაწირა თავი რეგულუსმა მედალიონის გადანადგურებლად.

ან ამ ეპიზოდში დობი საერთოდ რა შუაში იყო.


მაგიის სამინისტოს სცენები შეცვლილი იყო, მაგრამ კარგი.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ფილმში, ფაქტიურად არ იყო ნახსენები უჩინმაჩინის მოსასხამი. კარგით, რა, საგის ეს ნაწილი სიკვდილის და ჯანდაბის საჩუქრებზეა ბოლოს და ბოლოს.

გოდრიკ ჰოლოუს სცენა არ უდნა შეეცვალათ, ფილმში ჰარი და ჰერმი საკუთარი გარეგნობით, ყოველგვარი უჩინმაჩინის მოსასხამის გარეშე მოსეირნობენ იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტად ელიან ბნელი ძალები. ისმის ჰარის ამაყი განცხადება: This is where I was born and I dont want to return as someone else. ეს რომ ნამდვილად ეთქვა ჰარის, სახეში შემოვულაწუნებდი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ შემდგომში განვითარებულ მოვლენებს. (წიგნში ფოლიჯუის ფოუშენი აქვთ დალეული, + უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ იმალებიან)

გოდრიკ ჰოლოუს სცენა ვოლდემორის მოსვლის გარეშე რომ დამთავრდა, ძალიან ტეხს.

"პოტერმზირმა" რაღა დაუშავათ, არ ვიცი. ვისაც არ ახსოვს, ეს არის რადიო, რომლის დაჭერაც შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული პაროლის მეშვეობით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც მთელი ჯადოსნური სამყარო სიმართლეს იგებს გატაცებულ და მოკლულ ხალხსზე თუ თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებზე.

ვოლდემორის სახელს რომ ტაბუ ადევს, არც უხსენებიათ, არადა, რონმა დაბრუნებისთანავე მოუყვა ჰარის და ჰერმის ამის შესახებ.Shaftesbury Avenue-ზეც სწორედ იმის გამო მიაგნეს მხვრელებმა, შემთხვევით ვიღაცას სახელი წამოსცდა.


გრძელკუდას ამბავიც ბუნდოვანი იყო. ვერ გავიგე, გაითიშა თუ მოკვდა. არადა წიგნში ძალიან ეფექტურია მისი სიკვდილი. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ფასეული რამ, რაც მას გააჩნდა, იყო ვოლდემორის მიერ ბოძებული ვერცხლის ხელი, და როგორც კი სინდისის ქენჯნა იგრძნო ჰარის წინაშე, მაშინ ამუშავდა ხელი და გზნებით მიახრჩო საკუთარი პატრონი. ამ სცენას დამბლდორის პერსონაჟისთვის ჰქონდა დიდი დატვირთვა და ცუდია, რომ ამოიღეს.

ბელატრისას მიერ ჰემის წამებამაც ისეთ ეფექტი არ დატოვა, როგორსაც ველოდია, სამაგიეროდ, მთელი ზარზეიმით აღნიშნას ბელატრისას თმის დავარდნის პროცესი. შემდეგ ნაწილში ჰერმი მას ფოლიჯუის ფოუშენში გამოიყენებს.

ძალიან ძალიან მომეწონა ჰარის და ჰერმის ცეკვა.


ჰარი საშინლად ცეკვავდა, მაგრამ ეს სცენა იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. LOVED IT!

მე მაინც ყოველთვის ვხედავ რაღაც chemistry-ს ჰარის და ჰერმის შორის.


მედალიონის განადგურების მომენტი ყველაზე სექსუალური სცენა იყო პოტერიადაში. ჰარი და ჰერმი, შიშვლები, ცხოველურად კოცნიან ერთმანეთს.


შემდეგ ნაწილში გველოდება გრინგოტში შეჭრა ბელატრისას გარეგნობით, ჰოგსმიდი, ჰოგვარტსი, პრინცის ისტორია და 18 წლის შემდეგ, უკვე 3D ეფექტით.


იმედია,დამბლდორსაც მიხედავენ, "The Life and Lies of Albus Dumbledore" ნამდვილად არ არის თაროზე შემოსადები წიგნი.

Saturday, December 4, 2010

დაიბადა ღნაჩვი

მსგავსი სიხარული ბოლოს 4 წლის წინ ვიგრძენი, როცა ჩემი დისშვილი დაიბადა.
რაც არ უნდა მოხდეს, სულერთია ჩემთვის, თითქოს დავფრინავ, მთელი დღე უაზროდ ვიცინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვარ..

დილით 10 ზე ზაქროს მესიჯი დამხვდა, თამო წავიყვანეთ, ტელეფონებს გვათშინებენო. დავპანიკდი, დავიწყე ტირილი, ჯემამ შემიბღვირა, ასეთი კარგი რაღაც ხდება და შენ კი ასეთ უარყოფით აურას ქმნიო (სიტყვა აურა ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან აქტუალურია ბოლო დროს)

ნათას დავურეკე, თან ვტიროდი, ვერაფერი გავაგებინე. ერთ ნაჭერ პიცას დავტაცე ხელი, რამდენიმე ლუკმა შევჭამე და ლეტის მივეცი.

გამოვვარდი, ჩაჩავამდე როგორ მივედი, არ მახსოვს, კიდევ კარგი დასაპარკინგებელი ადგილი მალე ვიპოვე, დილა იყო და თითქმის თავისუფალი იყო ფილარმონიის შემოგარენი.

თამოს დედა და მამა ისხდნენ ვესტიბულში, დედამისი ტიროდა. მაღლა არავის უშვებნენ. რა ვანდალიზმია, მობილურებს ატოვებინებენ, არ გიშვებენ, აზრზე არ ხარ რა ხდება. მიმღებიდან 200 ჯერ დავარეკინე, 4 თითზეა გახსნილი, მაგრამ ჯერ ადრეაო. რანაირად იყო ადრე, არ მესმოდა. ზაქრო ავიკელი, იმასაც რა ექნა, ცოლი მშობიარობდა, ვერ მწერდა, გავწამდით.

ბოლოს დარეკა, დაიბადა და კარგად არიანო. ბავშვს ვერ აღვიქვამდი, მთავარიის იყო ჩემთვის, რომ თამო იყო კარგად. მამამისი გარეთ იყო, დედამისმა და დედამთილმა ტირილი დაიწყეს, გავვარდი, დავუძახე, მივულოცე, ჩამეხუტა, იტირა, მეც ვტიროდი, ზაქროს ნახვა მინდოდა, თამოსთან კიდევ 2 საათი არ აგვიშვებნენ.

ზაქრო მალევე ჩამოვიდა, ვამაყობ მისით, თავიდან ბოლომდე დაესწრო მშობიარობას, სამაგიეროდ წუწუნებდა, თმები გამაცალა თამომ ტკივილისგანო, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გამოძვრა.

2 საათში გადაიყვანეს პალატაში და ავედით, ჰოლში ყავდათ გამოყვანილი, ჯერ თამო დავინახე, ისევ ისეთი იყო, როგორც მშობიარობამდე, მხიარული და ლამაზი, გვერდით თამოს მეგობრის დედას პატარა არსება ეჭირა <3>

გაიცანით ბატონი დემეტრე, მე ის ძალიან მიყვარს <3