Monday, February 21, 2011

Total Eclipse

დიდი ხანია ასეთი საშინელი სუსხი არ ყოფილა, თბილი ტანსაცმელი დედაჩემთან მქონდა გადაბარგებული და სამსახურში ჩემი წითელი, თხელი მაისურით წავედი, ყველაზე თბილი ეგ აღმომაჩნდა სახლში.

ძალიან ადრე დაღამდა, ფეისბუქზე ჩემმა ყველა მეგობარმა აპოკალიპსი დაატრიალა,ახალ ამბებში ამ ყველაფერს მზის და მთვარის მოულოდნელი გადაფარვით და, ამავდროულად, მთვარის საეჭვო მოახლოვებით ხსნიდნენ, სიმართლე გითხართ, მეკიდა,საშინელ ხასიათზე ვიყავი, ერთადერთი ნათელი წერტილი საღამოსთვის დარიცხული ხელფასი და მეგობრებთან ერთად ლუდის დალევის პერსპექტივა იყო.

ვინაიდან ჩემს უფროსს საშინლად აღიზიანებს, როცა ვინმე სამსახურში მაკითხავს, განსაკუთრებით მამრი, დერენი, ნახევარი საათის განმავლობაში გარეთ იყო ატუზული. საბედნიეროდ, ამინდის გამო, კლიენტები არ გვყავდა და მალე გამოგვიშვეს. შემშურდა, ისე თბილად ეცვა დერენს, მხოლოდ თვალები უჩანდა და სიცივისგან ფეხებს აბაკუნებდა.  მანქანა არ გვყავდა, არც ტაქსის ფული გვქონდა და არც ბანკომატი გვიღიმოდა უახლოესი 200 მეტრის მანძილიდან. მეტი ჩემს მტერს გაევლო. გადავწყვიტეთ, ჰიუსთვის დაგვერეკა, მანქანით გამოეარა და ევანთან წავსულიყავით ჩაის დასალევად.

ჩემი უფროსი ჩვეული თავის ქექვით გამოვიდა, დერენი აათვალიარა, რაღაც ჩაიბურტყუნა და თავის x 5-ში შეძვრა. ჩვენ ოფისში შევიკეტეთ და ონლაინ ჭადრაკის თამაშით შევიქციეთ თავი. ჰიუ ნახევარ საათში მოვიდა, ვერ ვიტან სიცივეში ტყავის სალონს, თან, მითუმეტეს, თუ მანქანა ახალი დაქოქილია.

ევანთან კიანუ დაგვხვდა. თბილ ბუხართან ისხდნენ და ხითხითებდნენ, კიანუ ჩვეული, სევდიანი იუმორით ყვებოდა იმას, თუ როგორ უკბინა გველმა კუნძულზე და, რამდენიმე წამში, როგორ დაეცა ღონემიხდილი გველი მის ფეხებთან და როგორ დალია სული, როგორ დაიჭირა თევზი ანკესით, რომელიც თურმე არ არსებობდა, როგორ შებოდიალდა, შემთხვევით, დრაკულას სასახლეში და როგორ მოატყუა, რომ შიდსის ვირუსით იყო დაავადებული, თუ როგორ ცხოვრებდა ვიღაც ნიკ პოუელთან ერთად კუნძულზე ერთი კვირის განამვლობაში, მაშინ, როდესაც ეს ნიკი, კიანუს კუნძულზე წასვლიდან რამოდემინე დღეში, თავის ტვინის მძიმე დაზიანებით, კომატოზურ მდგომარეობაში დააწვინეს საავადმყოფოში.

ნათიასთან წავედით.

ნათია და სპაიკი ერთად ცხოვრობენ, მისი მშობლები დიდი ხანი ვერ ეგუებოდნენ მათი საამაყო, ფრიადოსანი, ქალიშვილის ურთიერთობას ვამპირთან. თავიდან მამამისმა საგვარეულო სიიდანაც ამოშალა, მაგრამ სპაიკი რის სპაიკი იყო, ადამიანისთვის თავი რომ არ მოეწონებინა. უკვე 10 წელია ადამიანი არ მოუკლავს, თან სისხლის გარდა ღვინოსაც კარგად სვამს, რამდენიმე ვიზიტი ნათიას მამასთან და გულიც მოგებული იყო. ახლა ნათია არადამარტო დააბრუნეს საგვარეულო ნუსხაში, არამედ ნებაც კი დართეს, ქორწინების გარეშე, ეცხოვრა სპაიკთან, იმ შემთხვევაში თუ ის რაიმე რესპექტაბელურ სამსახურს ნახავდა. სიყვარულის გამო რას არ იზამს ვამპირი, სული დაიბრუნა და ეგ გაუჭირდებოდა? იურიდიულ ფირმაში მოაწყო ძველმა მეგობარმა ენჯელმა და მშვენიერ ანაზღაურებას იღებს. (ყველას გვშურს) პატარა მყუდრო ბინაში ცხოვრობენ, მართალია, სპაიკის მზის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ერთადერთ ფანჯარას თუ იპოვით წამლად მთელ სახლში, მაგრამ ეს მათ დისკომფორტს საერთოდ არ უქმის.

მივედით თუ არა, სპაიკი ფეხბურთს ჩაუჯდა, მე და ნათიამ ბავშვებს გადავურეკეთ.

ჩვენი მეგობრების წრე არც ისე ფართოა: ჯერი - რომელიც სულ იმაზე წუწუნებს, რომ სექსი აღარ აინტერესებს, ზურა, რომელიც განდიდების მანიით არის შეპყრობილი, სულ სერიოზული სახით დადის და გარშემო ხალხს აკომპლექსებს, ილია, რომელთან ერთადაც არასოდეს მოიწყენ, ნანა, რომელსაც უკვე კაი ხანია, რომანი აქვს ვამპირ დეიმონთან, მაგრამ, რომ კითხო, სერიოზულ უერთიერთობაზე ჯერ არ ფიქრობს, ნინო, რომელიც საშინელ დეპრესიაშია იმის გამო, რომ მისი მეგობარი ბიჭი - მაქცია ტრანსფორმაციის დროს შემთხვევით შემოაკვდა მონადირეს, თამუნა, რომელსაც ახლახან ეყოლა ბავშვი და ხშირად ვერ ახერხებს ჩვენს ნახვას და მაკო, რომელიც დემონოლოგიით არის გატაცებული. დერენი, ევანი, ჰიუ და კიანუ უკვე ვახსენე.

ნახევარ საათში უკვე სმა გვქონდა გაჩაღებული. საუბრის ძირითადი თემა იყო მოულოდნელად თავს დამტყდარი საშინელი სიცივე/სიბნელე, მთვარის მოახლოვებით გამოწვეული შესაძლო კატაკლიზმები (მთვარის ხსენება ნინოს განსაკუთრებით ხვდება გულზე) ჯერის სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, კიანუს გველის ტრაგიკული ამბავი, დერენის უსაქმურობა, ჰიუს მარჯვენა ხელის ტკივილი, რასაც პირდაპირ მივყავდით მის მოხუც ცოლთან, ზურას ბლოგი, ილიას ჯეოსელი, მაკოს ფოსფორის ფრთებიანი დემონი და ფეხბურთი. ნანა და დეიმონი მთელი საღამო ზასაობდნენ, სპაიკი ფეხბურთს უყურებდა, მე და კიანუ კვლავ კუნძულზე მომხდარ თავგადასავლებზე ვბჟირდებოდით, ნათია და თამუნა ღორის სისხლს წურავდნენ სპაიკისთვის, ჰიუს და დერენს უკვე ეძინათ.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვერცხლისფერ ფურირემი შემოიჭრებოდა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი, მეგობრული, ხმით არ გვეტყოდა იმას, რომ კარგად ჩაგვეკეტა კარები, გათბობაზე გვეზრუნა და სახლიდან გასვლაზე არც გვეოცნება.

ღორის სისხლით სავსე ჭიქამ, თამოს ხელებიდან, იატაკზე გაადინა ბრახვანი, ილიას მობლური შეეყინა ყურზე, ზურამ სიმწრით ნაყიდ ლეპტოპზე სპეისის კლავიში გატეხა..

ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობდა თითოეული ჩვენგანი იმ მომენტში, მხოლოდ ის ვიცი, რომ ნანას და დეიმონს არაფერი გაუგიათ.

Sunday, February 13, 2011

ბებო

ჩემი ბებო ძალიან ლამაზი და თბილი იყო. არასოდეს მიბრაზდებოდა, დედა და მამა მაწოვარას რომ მიმალავდნენ 6 წლის ასაკში, ბებო ჩუმად მაძლევდა. ის ყოველთვის ტელევიზორის წინ მიშლიდა საწოლს და გემრიელ საჭმელებს მიკეთებდა. დედა რომ მიბრაზდებოდა, ბებოსთან მივრბოდი. ყოველთვის მეუბნებოდა, სად იყო ჩურჩხელების სამალავი, ოღონდ მაფრთხილებდა, სხვებისთვის არ მეთქვა და ახალ წლამდე ბევრი არ შემეჭამა.

მერე ნელ ნელა დაბერდა, მაგრამ ძველებურად იპრანჭებოდა, ტრიალებდა, ყველანაირ საქმეს ეჭიდებოდა.

არც მაშინ დაუკარგავს ცხოვრების ხალისი, მეუღლე რომ გარდაეცვალა.

ჩვენით ცოცხლობდა, ყოველთვის უნდოდა, რომ მისი 5 შვილიშვილი სულ მასთან ერთად ყოფილიყო, ვერ იტანდა, როცა, მისთვის გაუბებარი მიზეზით, ხშირად ვერ ვახერხებდით მის ნახვას. ხშირად წუწუნებდა და ჩვენ ვუბრაზდებოდით.

ყოველ ნახვაზე სირბილით მოდიოდა ჩემთან და "გენაცვალოს ბებო"-ს ჩურჩულით გულში მიკრავდა.

დღეს ჩემი ბებო აღარაა, მაგრამ ახდა მისი ოცნება: გუშინ მისი 5 ვე შვილიშვილი, ოჯახებთან ერთად, მასთან იყო მისული, ოღონდ ეს უკვე მისთვის სულერთი იყო. იმედია, სამშაბათამდე ძალას მოვიკრებ და ერთხელ მაინც, უკანასკნელად შევავლებ თვალს.

ბოლოს რომ ვნახე, ეზოში ფუსფუსებდა და მეჭორავებოდა და მინდა სწორედ ასეთი დავიმახსოვრო.