Monday, July 18, 2011

Harry Potter and the deathly Hallows Part II

ჩემი ცხოვრების ჯადოსნური თავის დასრულებამდე დარჩა 7 საათი.
პირველად ცხვორებაში მეშინია კინოდან გამოსვლის და ფილმის დამთავრების.
"აუ ახლა შემდეგს ნოემბრამდე ელოდე"
"რა მოიცლის კიდევ ერთი წელი"
"მეექვსე წიგნი მინდა სასწრაფოდ"
"იმედია, შემდეგი ფილმი მაინც ნორმალური იქნება"
 ამას ვწერდი, სანამ წავიდოდი ფილმის სანახავად, მერე, ალბათ რაღაცამ ან ვიღაცამ შემიშალა ხელი და  მივაგდე, დრაფტებში გადავაწყდი ამწამს.

ძალიან ვწუხვარ, თავო, ჩემო, მაგრამ არა,  შემდეგი ფილმიც არ აღმოჩნდა ნორმალური, რით ვერ შეიგნე, რით ვერ მიეჩვიე, მეექვსედ გამოხვედი უკვე კინოთეატრიდან ასეთი იმედგაცრუებული, ნუ კაი,  Prisoner of Azkaban – ს არაუშავდა.

მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ეპიკური დასასრულის ნაცვლად  უაზროდ შეცვლილი სიუჟეტი, უემოციო, მიფუჩეჩებული ფაქტები და დაბალი ხარისხხის 3დ შემრჩა ხელში.

წიგნიდან გადახრა რომ იქნებოდა, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ახსნიდნენ დამბლდორის სისუსტეებს, (წინა ფილმში საკმაოდ ბევრი ილაპარაკეს ამაზე) მისი ოჯახის ისტორიას, მინდოდა მეტი  ემოცია,  ფრედის, ტონკსის და ლუპინის სიკვდილის ჩვენება მთელი სიმძაფრით, კივილით, წივილით, ცრემლებით,  ეს პერსონაჟები ამას იმსახურებდნენ. მინდოდა ჰაგრიდის ქვითინი, როდესაც  მკვდარი ჰარი მოჰყავდა ჰოგვარტსისკენ, მინდოდა მეტი გრძნობა რონის/ჰერმის და ჰარის/ჯინის შორის. მინდოდა მენახა ტედი, გაზრდილი და სიმპატიური.მინდოდა მენახა მოლის და ბელატრისას სასიკვდილო დუელი და არა ნაჩქარევად ნასროლი წყევლა და ხელის მარტივი მოძრაობა.

ყველაზე დიდი დარტყმა ჰარის და ვოლდის საბოლოო ბრძოლისას მივიღე. ვისაც წიგნი წაკითხული არ აქვს, ყველას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ჰარიმ მხოლოდ იმიტომ დაამარცხა ვოლდემორი, რომ ელდერ ვანდის ნამდვილი პატრონი თვითონ იყო.
რეალურად, მათი საბოლოო ბრძოლა მხოლოდ წყევლების გასროლით და  მწვანე და წითელი სხივების შეჯახებით არ შემოიფარგლებოდა, ამას მათი გრძელი და ტკბილი საუბარი უძღოდა წინ, რომლის აფიშირებაც საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ.

ფილმში ისე მოკლეს ვოლდემორი, რომ ვერ გაიგო,რომ მწრედ მოატყუეს და დასცინეს, რომ სნეიპი თავიდან ბოლომდე დამბლდორის კაცი იყო,  რომ ელდერ ვანდი  ჰარის საკუთრება იყო და მას არასოდეს დაემორჩილებოდა,  რომ დამბლდორმა თავად დაგეგმა საკუთარი სიკვდილი და რომ ის ვოლდემორზე უკეთესი კაცი და უკეთესი ჯადოქარი იყო..

 ჰარის ნათქვამი  ყოველი სიტყვა ვოლდემორის სულის დარჩენილ ნაგლეჯს ერთიანად ჭამდა და ანადგურებდა.  ის ავადა კედავრას წარმოთქვამდე უკვე   დამარცხებული იყო.


ყველას დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ჰარის თავგანწირვა ფარად გადაეფარა მთელ ჰოგვარტს, ისევე როგორც ლილის თავგანწირვა გადაეფარა ჰარის თავის დროზე. მას შემდეგ, რაც ვოლდემორმა ჰარის მისამრთით ავადა კედავრა გაისროლა, ჰოგვარტსში არავინ მომკვდარა.


სამწუხაროა, რომ ჰარიმ ისე გადატეხა ელდერ ვანდი, რომ საკუთარი ჯოხი არ შეაკეთა.  ეს პატარა ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მთელი 7 წიგნი ჰარის ჯოხის მნიშვნელოვან თვისებებზე იყო ლაპარაკი.

ერთადერთი სცენა,რომელიც ძალიან მომეწონა:  ჰარი სიკვდილს გადაწყვეტს და ვოლდემორთან შესახვედრად მიდის. მეგობრებს ემშვიდობება, უხსნის რა ხდება, ჰერმი ეხუტება და ტირის. როგორც იქნა, ვიგრძენი რაღაც,  გამიხარდა ,რომ ვტიროდი. მერე რა, რომ წიგნიდან გადაუხვიეს.

 ქასთი იყო შესანიშნავი, დენიელმა თავისი საუკეთესო გვაჩვენა.

საბოლოოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დაცარიელებული და მოწყენილი ვარ.
ჩემი ბავშვობა ასე უემოციოდ დამთავრდა.
დედაც ვატირე.