Monday, September 19, 2011

To whom it may concern

ასე არასოდეს დამჭირვებია შენი დახმარება როგორც ახლა და ასე არასოდეს მიგრძვნია შენი არყოფნა. ყველაფერი ინგრევა, ძალიან მტკივა, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, მაგრამ მე მინდა,რომ შენ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მინდა, სხვა გამოსავალი მიპოვო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამეხმარო. (არ თქვა ახლა, ჭკუა მოგეცი, ძმაო, მეტი რა გინდაო)

ვიცი, ბოლოს რომ მნახე, ვერც მიცანი, მაგრამ ეს მხოლოდ შენი ბრალი არაა, ყველაფერს თავად ვაფუჭებ, მე ვარ ის, ვინც ტკივილს აყენებს გარშემომყოფებს და მერე ამ ტკივილით თავად იტანჯება. 

ვიცი, ჩემი იმედი გქონდა, ვიცი, ასეთი ცხოვრება არ გინდოდა ჩემთვის, მაგრამ შენ დაგემსგავსე, ყველაფერი გავაფუჭე,ვეღარაფერს შევცვლი. 

ბევრი კითხვა მაქვს შენთან, ბევრი სალაპარაკო, ბევრი რამ გაქვს ასახსნელი, რატომ დამიკიდე, რატომ გამიმიტე იმისთვის, რომ შენს გარეშე გავზრდილიყავი, საერთოდ რატომ დავიბადე. 

მატერიალურად არასოდეს არაფერი მაკლდა, შენი ცოლით და შვილით უნდა იამაყო. მაგრამ ერთი რჩევაც არ მოგიცია ჩემთვის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ერთხელ არ გამოგიყვანივარ მძიმე მდგომარეობიდან, ერთხელ არ გითქვამს, რომ ცხოვრება ცხოვრება არაა ტკივილის და სიხარულის გარეშე, რომ ისინი ყოველთვის ერთმანეთს ცვლიან და რომ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება. 

მაგრამ შენ ალბათ ამას არც მეტყოდი, შენ პრიმიტიულად შეხედავდი ამ ყველაფერს, სადმე წავიდოდით, დავლევდით, მოვწევდით, მაცინებდი, ამ თემაზე საერთოდ არ დამელაპარაკებოდი. ზუსტად ეს მინდა შენგან და ვბრაზდები, რომ ამის მოცემა არ შეგიძლია. 

იმედი მაქვს, სანამ ერთმანეთს შევხვდებით, ყველაფერს გაპატიებ.
და კიდევ იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდება ეს შეხვედრა. 

3 comments:

Hyperzet said...

აი, თურმე რატომ დამესიზმრე წუხელ ...

xissunianisaxli said...

აპატიე რა

Kate said...

უკვე მივხვდი ვისაც ეხება :(